ტურიზმი
01/09/2022

მარიამ ქვრივიშვილი: Wizz Air-თან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

საქართველოს ბაზარზე საქმიანობის კიდევ უფრო ზრდა და მომავალი წლის გეგმები - ეს იყო საქართველოში ვიზიტად მყოფი კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებთან ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილთან გამართული შეხვედრის საუბრის ძირითადი საკითხები.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კომპანიასთან თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება, მათ შორის ახალი ავიამიმართულებების დამატების მიმართულებით.

„Wizz Air-თან ერთობლივი ძალისხმევით ბოლო ორი წლის განმავლობაში შევძელით და ქუთაისის აეროპორტიდან კომპანია 20-ზე მეტი ევროპული მიმართულებით ოპერირებს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის განვითარებას, მათ შორის ახალი მიმართულებების დამატებას. დარწმუნებულები ვართ, ასევე ერთობლივი ძალისხმევით მომავალში ჩვენ გვექნება საინტერესო პროექტები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში გრძელვადიანი პოზიციონირების და უახლოეს წლებში კომპანიის ოპერირების გაფართოების პერსპექტივეებზე შესახებ გაამახვილა ყურადღება კომპანიის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ვლადისლავ ილინმა.

„განვიხილეთ ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და განვითარება მომავალში, კერძოდ ჩვენი ოპერირების გაფართოება უახლოეს წლებში. განვიხილეთ ის შესაძლო მარშრუტები, რომელიც შეიძლება წამოვიწყოთ. დარწმუნებული ვარ, მალე დაგიბრუნდებით სასიამოვნო სიახლეებით. ერთ-ერთი ბოლო სიახლე ჩვენი მხრიდან იყო პროექტი „მოდი, დავიკარგოთ ვიზეართან“ ერთად, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოვიყვანეთ 200 ინფლუენსერი, რათა გვეჩვენებინა თქვენი ქვეყნის სილამაზე და მიმზიდველობა. ჩვენ ამით საკუთარი წვლილი შევიტანეთ თქვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში. მოუთმენლად ველით ახალ შესაძლებლობებს, რომ საქართველოში ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ“, - აღნიშნა Wizz Air-ის წარმომადგენელმა.