ტურიზმი
12/09/2023

მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყანა ავიამიმართულებით სწრაფი ტემპით ვითარდება

"მგზავრთნაკადებისა და ავიარეისების სიხშირის კუთხით, მიმდინარე წელს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებლები გავაუმჯობესეთ,“- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანა ავიამიმართულებით სწრაფი ტემპით ვითარდება, აქედან გამომდინარე, აეროპორტების განვითარებაზე სახელმწიფო აქტიურ რეჟიმში მუშაობს.  

"ავიამიმართულების განვითარებისათვის, საქართველოს მთავრობამ თელავის აეროპორტის ფაქტობრივად ხელახალი მშენებლობა, რეაბილიტაცია გადაწყვიტა, სადაც მაღალი სტანდარტების მქონე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. სამგზავრო ტერმინალს ავაშენებთ, სადაც 1700 მეტრზე ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს მოვაწყობთ, რომელიც საკმაოდ დიდი საჰაერო ხომალდის მომსახურებას შეძლებს. "- აცხადებს ქვრივიშვილი.

მისივე ცნობით, საწყის ეტაპზე მხოლოდ შიდა ფრენები განხორციელდება. კონკრეტული გეგმა გვაქვს, რისი მიხედვითაც გარკვეული მარშრუტები უნდა  განხორციელდეს.  ეს იქნება, ბათუმი-თელავის მიმართულება, ასევე ოთხი სეზონის განმავლობაში მესტიას, ქუთაისსა და ამბროლაურს დაუკავშირდება.

გარდა ამისა, როგორც ქვრივიშვილი განმარტავს, 2024 წლის მაისის თვიდან თელავის აეროპორტი ქვეყნის რომელიმე შიდან საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ ჩარტერულ რეისს მიიღებს.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აეროპორტი და მგზავრთნაკადიც ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. სწორედ ამიტომ, აეროპორტის განვითარებასა და გამტარუნარიანობის გაზრდისათვის სახელმწიფო აქტიურ რეჟიმში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან   (IATA)  ერთად მუშაობს.  

მისივე განმარტებით, ქუთაისს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ესაჭიროება, რომელიც ყველა ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახურება, ეს იქნება სამგზავრო თუ სატვირთო ტიპის.

 

Businesspartner