მარიამ ქვრივიშვილი: ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ველით
საქართველო ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ფინეთში გამართულ ავტორიტეტული საერთაშორისო საავიაციო ფორუმის Connect 2022 - ის ფარგლებში ავიაკომპანიებთან აწარმოებს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასთან დაკავშირებით მოლოდინი არსებობს.
მისივე თქმით, ასეთ წარმომადგენლობით ფორუმში საქართველოს მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა, რათა საქართველოს საავიაციო ბაზრის პოტენციალით სექტორის უმსხვილესი კორპორაციები დაინტერესდნენ.
ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება.
მისი თქმით, თებერვლის მდგომარეობით, ფრენები სრულდება 235-240 სიხშირით და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ შეადგინა 70%.
"ფრენებს ახორციელებს 33 ავიაკომპანია და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ შეადგინა 103%. მიმართულებების კუთხით, თებერვალში გვაქვს 56 მიმართულება მსოფლიოს 28 ქვეყანაში, როდესაც 2019 წელს იყო 70 მიმართულება 29 ქვეყნის მიმართულებით. შესაბამისად, მიმართულებების აღდგენამ შეადგინა 80%, ხოლო ქვეყნების რაოდენობა კი აღდგა 97%-ით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ჩვენ ველოდებით საქართველოს ავიაბაზარზე არაერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, Connect 2022 – ის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რათა სამომავლოდ საქართველოში ახალი პირდაპირი რეისების რაოდენობა გაიზარდოს. ფორუმში 60 ქვეყნის 75 ავიაკომპანია და 280 - ზე მეტი აეროპორტია წარმოდგენილი.
ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რათა დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდით, ან ახალი მიმართულებების დამატებით და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით. შედეგად, საქართველოში ფრენები დაიწყეს ისეთმა ცნობილმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Air France, Eurowings, Tarom, Ryanair, Sky Up, Wizz Air-მა დაამატა ახალი მიმართულებები და სხვები.