მარიამ ქვრივიშვილი: აპრილში ტურისტული ვიზიტები 52%-ით აღდგა
2022 წლის აპრილსა და პირველ 4 თვეში, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები საშუალოდ 52%-ით აღდგა. 2021 წელთან შედარებით მაჩვენებელი 140,5%-ით გაუმჯობესდა, იანვარ-აპრილში კი 233.9%-ით.
„საერთაშორისო ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა სწორი სამოქმედო გეგმისა და მიზნობრივ ბაზრებზე ჩატარებული და მიმდინარე ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შედეგია. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ვახორციელებთ მათთან ერთობლივ პროექტებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების მოსალოდნელზე მეტ ზრდას, რაც ნიშნავს დამატებითი შემოსავლები ეკონომიკაში და მეტ დასაქმებულს სექტორში,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა 2022 წლის აპრილში ტურისტული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად აისახება წარმატებული მოლაპარაკებები საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რომელთა მეშვეობითაც იზრდება პირდაპირი ავიარეისები როგორც ევროპასთან, ასევე სხვა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან.