მარიამ ქვრივიშვილი: 2022 წელს ტურიზმის შემოსავლები $3 მლრდ-ს გადააჭარბებს
„პანდემიის შემდეგ, საქართველომ შეძლო 100% აღედგინა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მოლოდინი გვქონდეს - 2022 წელს ტურიზმის სექტორში შემოსავლები 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ამ მაჩვენებლებს პირდაპირი ზეგავლენა აქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 117-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიება მაროკოს სამეფოში იმართება და მასზე მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკვანძო საკითხები და ყველაზე აქტუალური თემები განიხილება. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭო ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პლატფორმაა, საქართველო საბჭოს წევრია 2021-2025 წლებში.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმ პროგრესზე სასაუბროდ, რომელიც წევრმა ქვეყნებმა ბოლო პერიოდში მიაღწიეს.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს და ემსახურება საერთო მიზნების ეფექტიან განხორციელებას. მისი თქმით, ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის და ორგანიზაციის გუნდის უწყვეტმა მხარდაჭერამ, ახალმა ინიციატივებმა და პროგრამებმა უშუალო ზეგავლენა იქონიეს ტურიზმის აღდგენაზე საერთაშორისო მასშტაბით.
„მინდა, გამოვეხმაურო გენერალური მდივნის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას და დავადასტურო საქართველოს მზაობა, ჩაერთოს ტურიზმის სფეროში აქტიური საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის კუთხით ერთობლივ აქტივობებში. მტკიცედ გვჯერა, რომ შესაბამისი განათლებაა ის ფაქტორი, რაც უზრუნველყოფს სექტორის მდგრად განვითარებას და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. სინქრონი მარიამ ქვირივიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე