მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდული რაოდენობის მგზავრსა და რეისს მოემსახურა
პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 126,864 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის მაისი 64,745 - მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის მაისში 210 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 80% გაიზარდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 378 რეისს მოემსახურა.
პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა არის ხუთი თვის ჭრილშიც. წელს, იანვარი - მაისის პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 502,323 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2019 წლის პერიოდს 74 %-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ხუთ თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდე პერიოდთან, 66 %-ით მეტია.
2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულება დაამატა.
2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.