ტურიზმი
27/10/2021

მადრიდი-თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები Air Europa-სა და Iberia-სთან მიმდინარეობს

თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.
 
დეტალები განიხილა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ევროპული ავიაკომპანიების Air Europa-სა და Iberia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.
 
მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში აღდგენის ტემპების შესახებ. 
 
მისი თქმით, 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნა კი პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოში როგორც ტურისტული ნაკადის ზრდის, ასევე ინვესტორთა მოზიდვის მხრივ.
 
„ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ევროპულ ავიაკომპანიებთან რომ გვქონდეს ახალი პირდაპირი რეისები საქართველოდან ევროპის მიმართულებით. შევხვდით ორ ავიაკომპანიას, რომელიც ბაზირებულია ესპანეთში. ორივე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს დაწყებითი ფორმის მოლაპარაკება, იმისთვის, რომ გვქონდეს პირდაპირი რეისი თბილისი მადრიდის მიმართულებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბარსელონა-ქუთაისის მიმართულება ოპერირებაში ჩაეშვება 31 ოქტომბრიდან და აქედან გამომდინარე ბაზრების დივერსიფიცირება და დივერსიფიცირებული პირდაპირი მიმართულებები ჩვენთვის არის მთავარი პრიორიტეტი, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ტურისტული ნაკადების ევროპიდან შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა იქნება გამაძლიერებელი ჩვენი ტურიზმის, ავიაციისა და ზოგადად ეკონომიკის მიმართულების“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
 
საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე მიიჩნევს, რომ პირდაპირი რეისები ქვეყნებს შორის ხელს უწყობს როგორც  ინვესტიციებს, ასევე ტურიზმის განვითარებას.
 
"მოხარული ვარ, რომ განახლდება ავიაკომპანია Wizzair-ის ფრენები ბარსელონასა და ქუთაისს შორის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, აქტიურად ვმუშაობთ დაინიშნოს ფრენები მადრიდსა და თბილისს შორის. აქტიური და ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ავიკომპანიებთან Air Europa და Iberia. ეს წამყვანი ესპანური ავიაკომპანიებია და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში დაინიშნება პირდაპირი ავიარეისები მადრიდსა და თბილისს შორის და ეს დაფარავს არამარტო ესპანეთსა და საქართველოს არამედ ლათინურ და ცენტრალურ ამერიკას. რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში,“ - აცხადებს ილია გიორგაძე.