ლევან კარანაძე ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს
საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის (EASPG) თავმჯდომარედ ოთხი წლით აირჩიეს.
EASPG-ის ვიცე თავმჯდომარეები საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის წარმომადგენლები გახდნენ.
საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს მიერ 2019 წელს დაარსდა და მისი საქმიანობა ფარავს ICAO-ს ყველაზე წამყვან და მრავალრიცხოვან, ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონს, სადაც 56 წევრი სახელმწიფო შედის.
ჯგუფის მიზანია უზრუნველყოს ევროპის სანავიგაციო სისტემების განვითარების და უსაფრთხოების დონის თავსებადობა ICAO-ს გლობალური საავიაციო უსაფრთხოებისა და საჰაერო ნავიგაციის გეგმებით გათვალისწინებულ მაჩვენებლებთან, ასევე აღნიშნულთან მიმართებაში წევრი სახელმწიფოების პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშგება ICAO-ს საბჭოს წინაშე.
საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის წლევანდელი შეხვედრა პარიზში, ICAO – ს რეგიონულ ოფისში სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში 40 სახელმწიფოს 95 დელეგატი იღებდა მონაწილეობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქაერონავიგაციის დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილი და საჰაერო სივრცის დიზაინის და ორგანიზების განყოფილების უფროსი ევგენი თავაძე. შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებთან ერთად იმსჯელეს გარემოზე ავიაციის ზეგავლენაზე და კლიმატის ცვლილებებზე, ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ინოვაციების დანერგვის საჭიროებებზე საავიაციო სფეროში.