ლევან დავითაშვილი: უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის
„მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, რომელიც ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ეკონომიკური ნაწილი, რადგან ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებით“, - განაცხადა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კომენტირებისას.
როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პოტენციური მიმართულება სწორედ ტურისტული სექტორია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი, ალბათ ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარია - ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ის მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვანი ნაკადები გვქონდეს და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისება შევძლოთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გაკეთდა იმის დეტალური ანალიზი, თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო ამ ტურისტული პოტენციალის უკეთესად გამოყენება - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი ამ გზაზე სწორედ სავიზო რეჟიმი იყო.
როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, გათვალისწინებულ იქნა რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითი, რომელთაც წარმატებით შეძლეს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის დეტალებს, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ის უკვე დღეიდან შედის ძალაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ერთი შემოსვლისთვის ვადა 30-დღიანია, რაც ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ტურიზმისთვის აბსოლუტურად მისაღები ვადაა.
„უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. მთავრობის სხდომის დღევანდელი გადაწყვეტილება ამ თანმიმდევრული გეგმის ნაწილია და იმედი გავქვს, რომ უახლოეს ხანებში უკვე ხელშესახები შედეგები გვექნება. ამასთან, მიმდინარეობს ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხზე მუშაობა. თუმცა, მეტი ფრენები ვერ შედგება, თუ არ იქნება საქართველოს მეტი ცნობადობა და დაინტერესება ჩვენი ქვეყნით. ამაზე გვქონდა საუბარი ჩინელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, რომ საჭიროა შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, დაფინანსება და განხორციელება იმისთვის, რომ ტურისტული დანიშნულების ქვეყანა - საქართველო ჩინეთში უფრო პოპულარული გახდეს“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ კუთხით აქტიურად იმუშავებს. ასევე იგეგმება მუშაობა ჩინელ პარტნიორებთან ერთად, რათა ეს იყოს მიზნობრივი და უფრო შედეგზე ორიენტირებული კამპანიები და არა ზოგადად ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, რათა მოხდეს მიზნობრივი ჯგუფების მობილიზება და საქართველოთი დაინტერესება