ტურიზმი
14/11/2022

ლევან დავითაშვილი: ბაკურიანი მომავალში შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს

საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები უნდა შეაფასოს.

ჯგუფის ხელმძღვანელი მიშელ ვიონი ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხი, ასევე კურორტ ბაკურიანის, როგორც ევროპული რანგის სამთო - სათხილამურო კურორტის მომავალი.

„საქართველოს მთავრობის მიერ ბაკურიანში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ბაკურიანი მომავალში შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინსპექტირება წარმატებით დასრულდება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების აბსოლუტურად ახალი სისტემები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ახალი საბაგირო გზებისა და ახალი ტრასების სახით, აგრეთვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხელოვნური რეზერვუარები - ეს სამუშაოები, ფაქტობრივად დასრულებულია და ამჟამად რეზერვუარების წყლით ავსების პროცესი მიდის. საბოლოოდ, ბაკურიანი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა.

2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აქტიურად მიმდინარეობს 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განხორციელებული პროექტები რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას, რაც ხელს შეუწყობს კურორტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.