ტურიზმი
18/03/2022

ლაშა პაპაშვილი: Hilton Garden Inn-ი 45%-იანი დატვირთვით მუშაობს

თბილისში, Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო 45%-იანი დატვირთვით მუშაობს.

კომპანია „რედიქს ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სტუმრები არიან როგორც ევროპიდან, ისე უკრაინიდან და რუსეთიდან.

„ბევრად უფრო ცუდი დატვირთულობა გვქონდა, ახლა სხვა რეალობაა. თუ მშვიდობა იქნება, მაჩვენებლის 60%-მდე გაუმჯობესება გვსურს.  გახსნიდან დღემდე ზარალში ვიყავით, ვიმედოვნებ, მარტიდან იმედი მაქვს გამოსწორდება,“-აცხადებს პაპაშვილი.

შეგახსენებთ, Hilton Garden inn.-ი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მლნ დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერია განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზეა გათვლილი.

სასტუმროს გახსნისას პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებდა, რომ თვეში 25%-იანი დატვირთულობაც მენეჯმენტისთვის საწყის ეტაპზე მისაღები იქნებოდა.

Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის მეორე სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში გაიხსნება. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.