ტურიზმი
06/09/2021

ქვრივიშვილი: COVID-ის მიუხედავად, წელს საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2021 წელს კოვიდ-პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა.

 “კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ გვიწევს განსხვავებული ფორმატში მუშაობა. პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა შეცვალა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ჩამოსვლის სტრუქტურა. კერძოდ, თუკი 2019 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში მათი დიდი ნაწილი (73.7%) საქართველოში სახმელეთო გზით შემოდიოდა, 24,7% კი საჰაერო გზით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანაფარდობა შეიცვალა და თითქმის თანაბარია. 2021 წლის 8 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების 50% საჰაერო გზით შემოვიდა," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე ქვრივიშვილმა საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციებზე ისაუბრა.

 მინისტრის მოადგილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ორი მეზობელი ქვეყნის - რუსეთისა და აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები დახურულია და ვერ ხდება ტურისტების იმ დინამიკით შემოსვლა, რისი მოლოდინიც შეიძლებოდა ყოფილიყო გახსნილი სახმელეთო საზღვრების შემთხვევაში.

ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკით, სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 50%–ზე მეტი შეადგინა და $500 მლნ–ს გადააჭარბა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ამ მაჩვენებელმა, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 26% და 96% შეადგინა.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი, სამოქალაქო ავიაციიის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.