ტურიზმი
19/10/2021

ქვრივიშვილი: Bees Airline-ის ახალი მიმართულებით ფრენის დაწყება ტურიზმზე დადებითად აისახება

საქართველოს ავიაბაზარზე Bees Airline-ის მიერ ახალი მიმართულებების დამატებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დადებითად აფასებს.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ავიაბაზარს ახალი მიმართულებები ემატება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს ზრდის. კერძოდ, 22 ოქტომბრიდან, უკრაინული ავიაგადამზიდველი ფრენების შესრულებას ოდესა - თბილისი - ოდესის საჰაერო ხაზზე დაიწყებს.

„უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ტურისტული სამიზნე ბაზარია, საიდანაც ყოველწლიურად ვიზიტორთა მზარდი დინამიკა გვაქვს. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა ტოპ-სამულშია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ. Bees Airline-ის გადაწყვეტილება დადებითად აისახება საქართველოს ტურისტულ სექტორზე, როგორც ტრადიციულ ტურისტულ ადგილებზე, ასევე ახალ მიმართულებებზეც," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Bees Airline - ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის აპრილში შემოვიდა და დღეისათვის ფრენებს კიევიდან და ხერსონიდან ახორციელებს.