ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა
ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა.
მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტში ფრენებს ავიაკომპანია აკ-ეარი მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდით L 410-ი ასრულებს. რეგულარული რეისები მესტიასა და ქუთაისს შორის კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების მონიტორინგის მენეჯერის, მარიამ ბახუტაშვილის განცხადებით, მოთხოვნიდან და საჰაერო ხომალდის დატვირთულობიდან გამომდინარე, რეისების რაოდენობა შესაძლოა ეტაპობრივად გაიზარდოს.
"პანდემიის დაწყებისას, გარკვეული პერიოდი შეჩერდა, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ფრენების შესრულება, თუმცა ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ აღგვედგინა რეისები მათ შორის მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით.
დღეიდან კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დატვირთვის პარალელურად, ჩვენ განვაახლეთ რეგულარული ავიამიმოსვლა მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებითაც. ეს მიმართულება აქტიურად სრულდებოდა პანდემიამდე და პოპულარული იყო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებში," - განაცხადა მარიამ ბახუტაშვილმა.
მესტია-ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება უცვლელი, 50 ლარი რჩება. 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. 0-3 წლამდე ჩვილების მგზავრობა კი უფასოა.