ტურიზმი
19/11/2020

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Duty free მოეწყობა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Duty free-ს მოსაწყობად ტენდერს აცხადებს.

ტენდერის პირობებზე წერს Tr business–ი, რომელიც აეროპორტის კომერციულ ობიექტებზე სპეციალიზებული გამოცემაა. სტატიაში აღნიშნულია, რომ Duty free-სთვის ხელმისაწვდომი ფართი საერთო ჯამში 568 კვ.მ.-ს მოიცავს, საიდანც 420 კვ.მ. იქნება უშუალოდ პასპორტის კონტროლის სივრცეში, ხოლო 148 კვ.მ გასასვლელებთან. ასევე, მცირე ადგილი უნდა დაეთმოს ქართულ პროდუქციას. სავარაუდოდ, თითოეულ სივრცეს განსხვავებული სახელი ერქმევა და მომხმარებლებს მრავალფეროვან კონცეფციას შესთავაზებს.

ორივე სივრცე არსებულ ტერმინალში მდებარეობს და ამჟამად რემონტდება. რემონტი ტერმინალის გაფართოების პროექტის ნაწილია, რომლის დასრულება 2021 წლის აპრილშია დაგეგმილი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი თამარ არჩუაძე TR Business–თან აცხადებს, რომ არსებულ ტერმინალში კომერციული ფართი 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე გაფართოებული ტერმინალისთვის დაგეგმილი სივრცე. აეროპორტისთვის ეს დაამატებით 1,300 კვ.მ. კომერციულ ფართის შექმნას გულისხმობს.

ონლაინ აუქციონზე მონაწილეები შეთავაზებას ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეძლებენ. გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარადგინოს Duty free–ს მაღაზიების მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები. ხელშეკრულება, 5 წლიან თანამშრომლობას გულისხმობს, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით.  

ATÜ Duty Free მოქმედი ოპერატორია საქართველოს აეროპორტში 2014 წლიდან, რომელმაც 148 კვ.მ Duty Free  და სამოგზაურო საცალო მაღაზია გახსნა.

ATÜ Duty Free– ს ტენდერში მონაწილეობისა და ქუთაისში ოპერაციების გაგრძელების პერსპექტივის შესახებ, არჩუაძე ამბობს, რომ ყველა დაინტერესებული მხარეს, მათ შორის ATÜ-ს, შესაძლებლობა ექნებათ თანაბარი პირობებით მიიღონ მონაწილეობა ქუთაისის აეროპორტის ტენდერში. „გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის პროცესი,  უზრუნველყოფს კვალიფიციურ ადგილობრივ და საერთაშორისო ოპერატორების წარმატების მიღწევის თანაბარ შესაძლებლობას,“ - ამბობს არჩუაძე გამოცემასთან.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე ორინეტირებული ჰაბია და ძირითადად ევროპულ წამყვან ლოუ ქოსთებს, Wizz Air-სა და Ryanair-ს ემსახურება. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს აეროპორტი 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2019 წელს აეროპორტიდან კვირაში საშუალოდ ევროპის მიმართულებით 70  პირდაპირი ფრენა ხორციელდებოდა და რეგიონში ევროპაში პირდაპირი რეისების შესრულების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.

 

Businesspartner