ქუთაისის აეროპორტში საქართველოში პირველი Walk-through კონცეფციის Duty free გაიხსნა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (Duty free) გაიხსნა. საქართველოში პირველი ე.წ. Walk-through კონცეფციის Duty free აეროპორტის გაფრენის დარბაზში მოეწყო და მგზავრებს სხვადასხვა საერთაშორისო და ქართული ბრენდების პროდუქციის შეძენა შეუძლიათ.
თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ATU Duty Free-მ მოაწყო, რომელმაც კონკურენტულ აუქციონში გაიმარჯვა.
DUTY FREE-ს გახსნის ცერემონიალში კომპანიის მენეჯმენტი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე დაესწრო. ATU Duty Free TAV Airports ისა და Gebr. Heinemann-ის მიერ არის დაფუძნებული და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი Duty Free ოპერატორი კომპანიაა.
ქუთაისის აეროპორტის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში-მ ATU DUTY FREE 30 ადამიანი დაასაქმა, რომელთა რაოდენობაც ზაფხულისთვის 50-მდე გაიზრდება. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა კი 1 მილიონი ევროა.
აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვ.მეტრზე მოწყობილი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ორ ნაწილად არის დაყოფილი: კონცეპტუალურად ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას ეთმობა, მეორე კი საერთაშორისო ბრენდებს.
ქართულ კუთხეში კვების კატეგორიაში ამ ეტაპზე 10 ქართული ბრენდი, 16 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინო, 6 სახეობის ქართული ყველი, სუვენირები, ჩურჩხელები, ტურისტული თემატიკა და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა პროდუქციაა წარმოდგენილი. პერიოდულად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის DUTY FREE-ში სხვადასხვა ქართული კომპანიები მგზავრებისთვის ღვინის დეგუსტაციას მოაწყობენ და ქართული პროდუქციის მრავალფეროვნებაზე მუშაობა ოპერატორი კომპანიის მხრიდან გაგრძელდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Duty Free-ს პროდუქცია მრავალფეროვანია: სასმელები, თამბაქო, ტკბილეული, პარფიუმერია და კოსმეტიკა. ლუქს ბრენდებიდან მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება Chanel, Tom Ford , DIOR, აქსესუარებიდან კი Rayban. ქუთაისის აეროპორტის Duty Free-ში შესაძლებელია ისეთი მსოფლიო საბავშვო ბრენდების პროდუქციის შეძენაც, როგორიცაა: Barbie, LEGO, Maisto და Hotwheels.
ATU Duty Free მომსახურებას 7 ქვეყნის 21 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში სთავაზობს. კომპანია ფლობს 110 ზე მეტ მაღაზიას, მათ შორის 20 პრემიუმ ბრენდის მაღაზიას სტამბოლის აეროპორტში. ასევე, სთავაზობს Duty Free მომსახურებას მაკედონიის, ლატვიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის აეროპორტებში. მგზავრებს 50, 000 ზე მეტ პროდუქტს, მსოფლიოში წამყვან ბრენდებსა და ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს.