ტურიზმი
23/06/2021

ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტები რკინიგზით შემოდგომიდან ისარგებლებენ

კოპიტნარის რკინიგზის სადგური ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შემოდგომიდან დაუკავშირდება.

"ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის მშენებლობის პროექტი შემოდგომის ტურისტული სეზონისთვის უკვე მზად იქნება," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "ბიზნეპარტნიორის" კითხვის საპასუხოდ.

„პროექტი აქტიურია, შესყიდვები დასრულებულია და კონტრაქტორი კომპანია უკვე გამოვლენილია. სამუშაოები "საქართველოს რკინიგზამ" დააკონტრაქტა. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეში ველოდებით სამუშაო პროცესის დასრულებას. ლოგიკური იყო რომ ჯერ დასრულდა ქუთაისის აეროპორტის მასშტაბური განახლება-გაფართოვების პროექტი. შემოდგომის ტურისტული სეზონისთვის ეს პროექტი იქნება მწყობრში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალ სადგურს "ინჟმშენი 96“ აშენებს. კომპანიასთან "საქართველოს რკინიგზას" ₾1.247 მლნ-იანი ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს. 

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება სადგურის შენობა, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერის. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

მოხდება ბაქანი #2-ის ამაღლება, კიბისა და პანდუსის მონტაჟის გათვალისწინებით. ბაქან #2-ზე მოეწყობა მოსაცდელი სივრცეები დეკორატიული სკამებითა და ნავესებით. ორივე ბაქანზე დამონტაჟდება საინფრმაციო დაფები (ტაბლოები).

დაგეგმილია საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია და გაფართოება. ხიდზე დამონტაჟდება სამი ლიფტი, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის.

რკინიგზასა და აეროპორტს შორის მგზავრებს ე.წ შატლები გადაიყვანენ.

Businesspartner