"ქუთაისის აეროპორტში აბუ-დაბიდან პირდაპირი ავიარეისები დამატებით ორი სიხშირით შესრულდება"
ქუთაისსა და აბუ-დაბის შორის აგვისტოდან ხუთშაბათსა და კვირას, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, რეგულარული რეისები დამატებით ორი სიხშირით შესრულდება. ამ ეტაპზე კი, ყოველდღიურად ხორციელდება.
ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სიხშირეების 7-დან 9-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აბუ დაბიდან ქუთაისის მიმართულებით სიხშირეების ზრდით, მგზავრთნაკადის 30 %-იანი ზრდა არის მოსალოდნელი და ახლო აღმოსავლეთიდან იმერეთის რეგიონში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.
"ეს არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან პროექტ ’’Let’s get lost with Wizz” ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობის გრძელვადიანი შედეგი. ჩვენმა ბიზნეს განვითარების გუნდმა წარმატებით დაასრულდა მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან და შედეგიც სახეზეა: თუ 2022 წლის ბოლომდე აბუ დაბიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისები კვირაში 5 სიხშირით სრულდებოდა, ავიაკომპანიამ 2023 წლიდან ქუთაისის მიმართულებით რეისების ყოველდღიურად შესრულება დაიწყო და ზაფხულიდან სიხშირეების გაზრდას კიდევ გეგმავს. ამ პროექტის შედეგად, ახლო აღმოსავლეთში საქართველოს ცნობადობა და ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
2022 წლის აგვისტოში, ქუთაისში, პროექტ ’’Let’s get lost with Wizz“ ფარგლებში ჩამოსული ბლოგერებისა და ინფლუენსერების სოციალური მედიაში განთავსებული კონტენტი 26 მლნ. ნახვას გადასცდა. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი ქუთაისში და იმერეთის რეგიონში განხორციელდა.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.