ტურიზმი
18/04/2022

ქუთაისის აეროპორტმა ყაზახ ბლოგერებს, ფოტოგრაფებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყაზახეთიდან ცნობილ ბლოგერებს, იუთუბერებს, ფოტოგრაფებს და პრესის წარმომადგენლებს უმასპინძლა. 13 ყახახი ბლოგერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ. ერთკვირიანი ტურის ფარგლებში ისინი იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ესტუმრენენ.

ტურის მიზანია ყაზახეთის ბაზარზე საქართველოს შესაძლებლობების აქტიური რეკლამირება განხორციელდეს.

,,ყაზახებს ძალიან გვიყვარს საქართველო. თქვენ სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. უგემრიელესი კერძები და არაჩვეულებრივი ბუნება გაქვთ. საქართველოში დაბრუნების სურვილი სულ გიჩნდება. ჩემთვის, როგორც ბლოგერისთვის ძალიან საინტერესოა აქ ჩამოსვლა და ჩემი გამომწერებისთვის საქართველოზე საუბარი. ძალიან ბევრი ისტორიული ღირშესანიშნაობები გაქვთ. მე ვიღებ საქართველოს შესახებ რამდენიმე დოკუმენტურ ფილმს. რატომ? იმიტომ, რომ საერთო ჯამში ქვეყანა ძალიან მომეწონა. აქ არაჩვეულებრივია. ჩვენი ტურისტები აუცილებლად მოინახულებენ საქართველოს. იმედი მაქვს, ამაში წვლილს  საქართველოს შესახებ ჩემ მიერ გადაღებული ფილმებიც შეიტანენ,-‘’განაცხადა ყაზახმა იუთუბერმა ალია ბაიმურზინამ.

პოპულარულმა ბლოგერებმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს. აეროპორტის მენეჯერმა არჩილ სილაქაძემ დეტალურად გააცნო მათ ინფორმაცია აეროპორტის განახლებული ტერმინალისა და მისი შესაძლებლობების შესახებ. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ყაზახეთის 4 ქალაქის მიმართლებით სრულდება რეგულარუსი რეისები.  დაბალბიუჯეტური ყაზახური ავიაკომპანია FlyArystan-ი დედაქალაქ ნურ-სულთანის, აქტაუს, ატირაუსა და შიმკენტის მიმართულებით დაფრინავს. 

"შეყვარებული ვარ საქართველოზე. თქვენს ქვეყანაში უკვე მეოთხედ ჩამოვედი. ყოველი ჩამოსვლისას სიახლეს აღმოვაჩენ. პირველ რიგში, აქ არაჩვეულებრივად ვისვენებ. გაქვთ უმეგრიელესი კერძები. საქართველოში ოჯახთან ერთადაც ჩამოვსულვარ. სურვილი მაქვს რთველზეც ვესტუმრო თქვენს ქვეყანას და ამ შესანიშნავ ტრადიციასაც ვეზიარო. სიამოვნებით ჩამოვალ კიდევ ერთხელ,  წყალტუბოში, მოვინახულებ ყაზბეგს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეს ყველაფერი ახლა უფრო ხელმისაწვდომია. ძალიან თანამედროვე, ლამაზი აეროპორტი გაქვთ. რეგისტრაციაზე რიგებიც  სწრაფად მიდის. ძალიან მიყვარხართ,-‘’ამბობს ყაზახი ბლოგერი ანა ტარაკანოვა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ყაზახ ბლოგერებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ისინი ყაზახეთიდან დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ და სამშობლოშიც ამავე აეროპორტიდან დაბრუნდნენ.