ტურიზმი
06/09/2021

ქუთაისის აეროპორტმა მგზავრთნაკადის 52% დაიბრუნა

პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აგვისტოში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 52% აღდგა.  2021 წლის აგვისტოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 45,922 მგზავრს მოემსახურა. (2019 აგვისტო - 87,969 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის თვალსაზრისითაც. საანგარიშო პერიოდში აეროპორტში რეისების 69% აღდგა (2021 აგვისტო - 188 რეისი, 2019 აგვისტო - 274 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ოპერირებს.

"28 სექტემბრიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air დაამატებს კრაკოვის მიმართულებას ქუთაისიდან. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან ბაზარზე დაბრუნების/ახალი მიმართულების დამატების კუთხით. რის შესახებაც ცნობილი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება," - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 111 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 52 რეგულარული რეისი შესრულდება.