ტურიზმი
26/08/2021

ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარის რკინიგზის სადგურს შემოდგომიდან დაუკავშირდება

ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის სადგურს მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაუკავშირდება.

სადგურის მშენებლობა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მალე დასრულდება და სადგური მგზავრების მიღებას დაიწყებს.

"სადგური, რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება როგორც ქუთაისისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტში მობილობის ზრდას და მოგზაურებს აეროპორტთან წვდომას გაუადვილებს", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

სადგურის მშენებლობის პროცესს საქართველოში სტუმრად მყოფი WizzAir-ის ტოპ მენეჯმენტმაც დაათვალიერა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალ სადგურს "ინჟმშენი 96“ აშენებს. კომპანიასთან "საქართველოს რკინიგზას" ₾1.247 მლნ-იანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული აქვს. 

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება სადგურის შენობა, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერის. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

მოხდება ბაქანი #2-ის ამაღლება, კიბისა და პანდუსის მონტაჟის გათვალისწინებით. ბაქან #2-ზე მოეწყობა მოსაცდელი სივრცეები დეკორატიული სკამებითა და ნავესებით. ორივე ბაქანზე დამონტაჟდება საინფრმაციო დაფები (ტაბლოები).

დაგეგმილია საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია და გაფართოება. ხიდზე დამონტაჟდება სამი ლიფტი, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის.

რკინიგზასა და აეროპორტს შორის მგზავრებს ე.წ შატლები გადაიყვანენ.