ქუთაისიდან შიმკენტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხვალიდან განახლდება
ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შიმკენტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას 19 მარტიდან განაახლებს.
შიმკენტი- მეოთხე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა ხვალიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და შაბათს კვლავ იქნება შესაძლებელი.
შიმკენტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები ნოემბერში შეჩერდა და ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლოდან კვლავ აღდგება.
FlyArystan-ი დღეისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და დედაქალაქ ნურ-სულთანიდან. ჯამურად, ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან ამ ეტაპზე, ფრენები კვირაში 12 სიხშირით სრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთანების ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესაძლოა სიხშირეების რაოდენობა გაიზარდოს.
ავიაკომპანია FlyArystan-მა 2021 წელს დაიწყო ოპერირება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში და დღემდე წარმატებით ოპერირებს. გასული წლის განმავლობაში ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, ავიაკომპანიამ 67,551 მგზავრი გადაიყვანა და 297 რეისი შეასრულა.
FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.