ხავიერ ტრობა: თეთნულდი შესანიშნავი ლოკაციაა ფრირაიდის შეჯიბრის ჩატარებისთვის
სვანეთში, კურორტ თეთნულდზე „ფრირაიდის" მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპის პირველი, 2-ვარსკვლავიანი შეჯიბრი დასრულდა.
ფრირაიდის საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელის ხავიერ ტრობას განცხადებით, კურორტი თეთნულდი ნამდვილად შესანიშნავი ლოკაცია გამოდგა ფრირაიდის შეჯიბრის ჩატარებისთვის.
„ჩვენმა სპორტსმენებმა სასიამოვნო სანახაობა გამართეს კურორტ თეთნულდზე, სადაც კარგმა თოვლმაც შეგვიწყო ხელი. ძალიან კმაყოფილები ვართ შეჯიბრის მიმდინარეობით და მადლობა თეთნულდს, სვანეთს ფრირაიდის შეჯიბრის ასეთი შესანიშნავი მასპინძლობისთვის, ასევე მაშველთა გუნდს და თითოეულ იმ ადამიანს, მათ შორის მონაწილეებს, ვისი ჩართულობითაც დღევანდელი შეჯიბრი უმაღლეს დონეზე გაიმართა", - განაცხადა „ფრირაიდის" საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ხავიერ ტრობამ.
თეთნულდზე „ფრირაიდის" (Freeride) კვირეულის ფარგლებში, ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპები საქართველოში წელს პირველად ტარდება.
საკვალიფიკაციო ეტაპები მოიცავს მცირე- 2 ვარსკვლავიან და დიდ - 4 ვარსკვლავიან შეჯიბრებებს. მცირე შეჯიბრი უზრუნველყოფს ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების ჩართულობას, ხოლო დიდი შეჯიბრი მაღალი რეიტინგის უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობასა და საერთაშორისო გაშუქებას. შეჯიბრებებში, 20 ქვეყნის (შვეიცარია შვედეთი ავსტრია ,საფრანგეთი , ახალი ზელანდია, გერმანია დიდი ბრიტანეთი და ა.შ) 120-მდე სპორტსმენი ასპარეზობს.
საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორის ირაკლი ჭირაქაძის თქმით, დღევანდელი 2-ვარსკვლავიანი შეჯიბრი წარმატებით დასრულდა და საორგანიზაციო გუნდი დარწმუნებულია, რომ მეორე - 4-ვარსკვლავიანი შეჯიბრიც ასეთივე წარმატებული გამოვა.
აღსანიშნავია, რომ ფრირაიდის სპორტის სახეობებში არსებობს ღონისძიებების იერარქია, რომლის მიხედვით ხდება წლიური კალენდრის დაგეგმვა. საქართველოს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, პირველივე წელს უმასპინძლოს მსოფლიო ფრირაიდის შესარჩევ (Freeride World Qualifier) ყველაზე მაღალი კატეგორიის საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელიც 4 ვარსკვლავით ფასდება. შეჯიბრზე უფრო მაღალი დონე მხოლოდ ფრირაიდის მსოფლიო ტურია (Freeride World Tour), რომლის მასპინძლობის შესაძლებლობა საქართველოს მიეცემა საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით ჩატარების შედეგად.
ღონისძიება „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.