ტურიზმი
15/07/2021

ქართულმა აეროპორტებმა პანდემიამდელი მგზავრთნაკადის მხოლოდ 24%-ის დაბრუნება შეძლეს

საქართველოს აეროპორტებმა მგზავრთნაკადის პანდემიამდელი მაჩვენებლის მხოლოდ 23,86%-ის დაბრუნება შეძლო. 2021 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადი ქართულ აეროპორტებს პანმდემიამდელ მაჩვენებელთან (2019 წლის იანვარ-ივნისი) 76,14%-ით შეუმცირდა.

AviaNews-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 594 067 მგზავრს მოემსახურა, რაც 17,75%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით.

2020 წლის 6 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 722 228 მგზავრს, 2019 წლის პირველ ნახევარში კი 2,5 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა. 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის მეორე წელს თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის “გამოცოცხლება” შეინიშნება. 

2021 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 437 573 მგზავრს მოემსახურა, 10,45%-ით ნაკლებს, ვიდრე 2020 წლის 6 თვეში. პანდემიამდე კი 2019 წლის იანვარ-ივნისში კი 1,87 მლნ მგზავრს. 

2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის მნიშნელოვანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 121 901 მგზავრი გაატარა, 150,21%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო 50,73%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდში. 2020 წლის 6 თვეში ბათუმის  აეროპორტი 48 720 მგზავრს, 2019 წლის 6 თვეში 247 391 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთნაკადი წლიურად თითქმის 83%-ით არის შემცირებული, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით კი 91,55%-ით. 2021 წლის იანვარ-ივნისში აეროპორტი 30 821 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ივნისში 181 453 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 364 834 მგზავრს მოემსახურა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულის აქტიური სეზონი ივლისში იწყება და წლის მეორე ნახევარში მგზავრთნაკადის მონაცემები სავარაუდოდ გაუმჯობესებული იქნება.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 23,45%-იანი კლებაა (1 283 მგზავრი), ამბროლაურის აეროპორტში კი პირიქით 2020 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით 219,05%-იანი მატება (603 მგზავრი), ხოლო ნატახტარის აეროდრომში 22,07%-იანი ზრდა (1 886 მგზავრი) დაფიქსირდა.