ტურიზმი
15/09/2021

ქართულ ღვინოსა და სამზარეულოზე ამერიკულ გამოცემებში სტატიები გამოქვეყნდება

ამერიკელი მოგზაური ჟურნალისტი ქართულ ღვინოსა და სამზარეულოზე ამერიკული გამოცემებისთვის სტატიებს მოამზადებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოპულარული გამოცემა The Daily Beast-ის ჟურნალისტს ბენჯამინ კემპერს მასპინძლობს. ონლაინ პლატფორმას ყოველთვიურად 27 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემაა აშშ-ში.

საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ ბენჯამინ კემპერი სტატიებს მოამზადებს, როგორც The Daily Beast-ის, ასევე კულინარიული სამოგზაურო გამოცემა Saveur-ისთვის.

პრეს-ტურის ფარგლებში ცნობილი ჟურნალისტი თბილისს, მცხეთას, შიდა ქართლში წედისს, გარიყულას, კახეთში დედოფლისწყაროს, თელავს, გურჯაანს, ვაზისუბანს და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს მოინახულებს, ეწვევა ღვინის მარნებს, სადაც ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ღვინოს დააგემოვნებს.

საქართველოს შესახებ ბენჯამინ კემპერი სტატიებს როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი მომხმარებელი გაეცნობა.