ტურიზმი
03/08/2021

ქართულ ავიაბაზარზე Getjet და Smartlynx ბრუნდებიან

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ორი ავიაკომპანია განაახლებს.

ლიეტუვის ავიაკომპანია Getjet და ესტონური ავიაკომპანია Smartlynx მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ვილნიუსი-ბათუმი-ვილნიუსისა და ტალინი-ბათუმი-ტალინის მიმართულებებით შეასრულებენ.

Getjet-ი რეისებს ვილნიუსსა და ბათუმს შორის 30 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ორშაბათი), Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. პირველი რეისი ავიაკომპანიამ გუშინ შეასრულა. რაც შეეხება ესტონური Smartlynx-ს, ავიაკომპანია ტალინსა და ბათუმს შორის მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების შესრულებას 5 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ხუთშაბათი) Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით გეგმავს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ორივე ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მიანიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ლიეტუვის, ისე ესტონეთის ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენებს პანდემიამდე, 2019 წელსაც ასრულებდნენ.