კანიონინგი, ექსტრემალური ველობილიკი, საპიკნიკე ადგილები - აჭარაში ტურისტული სეზონი იხსნება
მომავალ კვირაში აჭარაში ზაფხულის სეზონი იხსნება.
კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი, საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში - წელს, ზღვაზე დასვენებასთან ერთად აჭარაში ვიზიტორებს ახალი სერვისებიც დახვდებათ. მოგზაურებს საშუალება ექნებათ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში.
სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია ასევე განახლებული პეტრას ციხე.
აჭარის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ტურისტული ნაკადები რეგიონში უკვე გამოჩნდა. ვიზიტორები ძირითადად უკრაინიდან, ისრაელიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან არიან. სახმელეთო საზღვრებისა გახსნის პარალელურად პროგნოზები კეთდება მეზობელი ქვეყნების ვიზიტორების შემოსვლაზეც. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში ბათუმის აეროპორტში ფრენები დუბაიდან, შარჟადან და პოლონეთიდანაც დაიწყება.
სეზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია 15 ივნისს გაიმართება. გახსნის დღისთვის ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის იქნება ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.
სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო.
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“ , რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.