ტურიზმი
19/05/2023

კანიონებში ჩაფლული სიმყუდროვე

საქართველო რომ პატარა სამოთხეა, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ ბევრს იმოგზაურებთ ჩვენი ქვეყნის მთასა და ბარში, ბევრ საინტერესო კუთხეს აღმოაჩენთ თავისი ეთნო-კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი საგანძურით, რომ აღარაფერი ვთქვათ  იმ ადამიანებზე, რომლებიც აქ ცხოვრობენ, უფრთხილებიან-უვლიან ამ საგანძურს და ცდილობენ სხვებსაც გაუზიარონ. ნამდვილად შეძლებთ ეზიაროთ ამ სიმდიდრეს, თუ მარტვილის მუნიციპალიტეტში სტუმრობასაც ჩასვავთ თქვენს გეგმებში და ყველა იმ ისტორიულ ძეგლს მოინახულებთ, რაც ამ მუნიციპალიტეტმა შემოგვინახა, რაღა თქმა უნდა, ბუნების საგანძური, მარტვილის კანიონი არ უნდა გამოგრჩეთ და თუ ბოლომდე გსურთ ამ კუთხის სილამაზე შეიგრძნოთ, ღამეც ადგილობრივებთან უნდა გაათიოთ. 

სწორედ ამ ულამაზეს მხარეში, სოფელ ინჩხურში(ლებაჩეში) მრავალი წლის შემდეგ დაკეტილი სახლის კარი ისევ გაიღო, კიდევ ერთი ოჯახი დაუბრუნდა ფუძეს  და ახლა ისინი უკვე თქვენც სიამოვნებით გიმასპინძლებენ. ამ ოჯახის მასპინძელი ქალბატონი დალი ჯვარშეიშვილი გახლავთ, რომელმაც მრავალწლიანი აკადემიური საქმიანობა დატოვა დედაქალაქში და საკუთარ ოჯახთან ერთად მარტვილის კანიონის სიახლოვეს საოჯახო სასტუმროს მართვას მოჰკიდა ხელი. უკვე რამოდენიმე წელია Dali's Guest House-ი არაერთ ადგილობრივ და უცხოელ  ვიზიტორს მასპინძლობს, კომფორტულ, მყუდრო ოთახებში ღამისთევას და ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში ტრადიციული კერძების მასტერკლასშიც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, რომელიც სპეციალურად თქვენთვის დაიგეგმება.

სიმწვანეში ჩაფლული და სტუმრის  კომფორტზე გათვლილი გარემო ნამდვილად დაგავიწყებთ ყოველდღიურ რუტინას, გულუხვი საუზმე ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე თქვენს საუკეთესო განწყობაზე იზრუნებს და საღამოს ციცინათელებიც არ დააყოვნებენ, ისინიც თავისებურად შეეცდებიან ამქვეყნიურ სამოთხეში გაგრძნობინონ თავი. 

ბოლო დროს ბევრი ჩივის- «სტუმარი ღვთისაა» - ცარიელ სიტყვებად გადაიქცაო. Dali's Guest House-ში თუ მოხვდებით, ნამდვილად დარწმუნდებით იმაში, რომ აქ სტუმრისთვის მხოლოდ საუკეთესო ემეტებათ და არაფერს იშურებენ იმისთვის, რომ აქ მოსული თითოეული ადამიანი ბედნიერი და უზომოდ კმაყოფილი დაუბრუნდეს თავის ქალაქსა, თუ ქვეყანას.

ქალბატონი დალი BPN Georgia-ს პროგრამის ერთგული და აქტიური მონაწილეც გახლავთ, სტუმრების სიამოვნებასა და კმაყოფილებაზე ზრუნვასთან ერთად ის ბიზნესის მართვის  ახალ უნარებსაც ეუფლება BPN Georgia-ს სემინარებზე, იღებს ინდივიდუალურ კონსულტაცია-ქოუჩინგებსაც მისთვის აქტუალურ თემებზე და მუდმივად ცდილობს საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო განავითაროს. 


BPN Georgia წარმატებებს უსურვებს ქალბატონ დალის და Dali's Guest House-ს!

Businesspartner