ივნისში საქართველოში 445 894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა
ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დინამიკა გრძელდება. კერძოდ, 2022 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები განიხილეს, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება.
აღინიშნა, რომ 2022 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 54.3 %-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი - 63.3 %-ით. ტურიზმზე საუბრისას კი ხაზი გაესვა, რომ იანვარ-მაისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 75.3%-ია და შემოსავლებმა 840.9 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა.
ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე საუბრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა და ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით 185.5%-ია. ასევე, 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს დადებითი ტენდენციები, რაც ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით 2022 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა. ხაზი გაესვა, რომ გადაჭარბებით შესრულდა, როგორც შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი, ასევე, საგადასახადო შემოსავლებიც. ისევე, როგორც ნაერთი ბიუჯეტი, გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებიც, რომლის მოცულობამ 9,1 მლრდ ლარი შეადგინა. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელმა მხოლოდ 0,3% შეადგინა, რაც აჩვენებს, რომ გრძელდება დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად შემცირდეს მისი წლიური მაჩვენებელიც და ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 4,4%-სა, მისი მაჩვენებელი 3,5 %-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდეს.