"ITB Berlin-ზე საქართველოს წარვადგენთ როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან ტურისტულ ქვეყანას"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ITB Berlin-ის გამოფენაზეა წარმოდგენილი გამოფენა-ბაზრობა პანდემიის გამო წელს ონლაინ ფორმატში იმართება.
მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს წელს სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში 39 ტურისტული კომპანია, სასტუმრო, ტურისტული ასოციაცია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობს.
„წელს ჩვენ გვაქვს პატივი, ვიყოთ ITB Berlin-ის ოფიციალური პარტნიორი. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ტურიზმის ინდუსტრიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე საქართველო წარვადგინოთ, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების ქვეყანა. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ საქართველოს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულებები. დარწმუნებული ვარ, რომ ITB Berlin-თან პარტნიორობა კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას, როგორც ტურიზმის სპეციალისტებში, ასევე იმ ტურისტებს შორის, რომლებიც საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობით დაინტერესებულნი არიან პოსტკოვიდურ პერიოდში და ხელს შეუწყობს ჩვენს კერძო სექტორს მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს აღდგენა და ტურისტების მიღება,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
გამოფენის ფარგლებში მოეწყო პანელი, სადაც ITB Berlin-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ კომპანიების წარმომადგენლებიც.
ITB Berlin-ის ვირტუალურ გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყანა, ტურიზმის სფეროს 10 ათასზე წარმომადგენელი მონაწილეობს, გამოფენას 160 ათასი ვიზიტორი ჰყავს.
2023 წელს საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე უკვე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომა ექნება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ არის ჩართული.