ტურიზმი
23/11/2020

იგორ აფციაური: თუ არ მოვემზადეთ, ზაფხულის სეზონიც ჩაგვივარდება

Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი, იგორ აფციაური მთავრობას ურჩევს, ახლავე დაიწყოს მზადება 2021 წლის ზაფხულის სეზონისთვის. აფციაურის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში წლევანდელის მსგავსად მომავალი წლის სეზონიც ჩავარდება.

„ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ნოემბერ-იანვარში, ზაფხულის სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მაგ დროისთვის რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდეს. თუ ახლა არ გადავდგით სწორი ნაბიჯები და თუ არ მოვემზადეთ, სამწუხაროდ, ზაფხულის სეზონიც ჩაგვივარდება. ახლა არის დასადები ძალიან კონკრეტული მოკლევადიანი და გრძელვადიანი საავიცაციო სტრატეგია, თუ როგორ მოვიაზრებთ ზაფხულის სეზონის გახსნას. იგივე, ავიაკომპანიების თვალსაზრისით, მიმართულებების თვალსაზრისით. ახლა უკვე უნდა ვიცოდეთ ეს. ავიაციაში, ისევე როგორც ტურიზმში გარკვეული დრო არის საჭირო. ერთ-ორ კვირაში ვერ ხერხდება ამ ყველაფერზე მუშაობა“,- აღნიშნა აფციაურმა.

Aero Georgia Group დამფუძნებელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანამ ყურადღება ავიატვირთების გადაზიდვაზე უნდა გაამახვილოს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ასევე, იგორ აფციაურის განმარტებით, უნდა შემცირდეს ტარიფები ცენტრალური აზიის წევრ ქვეყნებთან.

„ძალიან დიდი მოთხოვნაა სატვირთო გადაზიდვებზე. სამწუხაროდ, ამასაც ვერ ვიყენებთ ბოლომდე. CAREC-ის ქვეყნებს შორის, მეხუთე, თუ მეექვსე ადგილზე ვართ ამ მიმართულებითაც. ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ყველაზე ხელსაყრელი ადგილია, სადაც თუნდაც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, საქართველოს გავლით ტვირთების მომსახურება შეიძლება - აქაც მოვიკოჭლებთ. თითქმის არ არსებობს ავიაკომპანია, რომელიც საქართელოს ბაზარს ამ მიმართულებით მოემსახურება. საქართველოში უნდა იყოს ავიაგადამზიდავი, რომელიც ასევე იმუშავებს ადგილობრივ ბაზარზე და შექმნის ჰაბს, რომელიც დააკავშირებს, როგორც აზიას, ასევე ევროპას. ამას ხელშეწყობა და სტიმულირება სჭირდება. ამ მიმართულების მეტად ლიბერალიზაციაა საჭირო. განსაკუთრებით ცენტრალური აზიის წევრ ქვეყნებს შორის. მაინც აწყდებიან კომპანიები გარკვეულ შეზღუდვებს, იგივე ტარიფებთან, ორმაგ დაბეგრვასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ართულებს საერთაშორისო ვაჭრობას. კარგი იქნება, თუ არსებული ხელშეკრულებები გადაიხედება, გაფორმდება ახალი, რომ ამ ქვეყნებთან შემსუბუქდეს ტარიფები. პოტენციალი ძალიან დიდია.

ევროკავშირის ბაზრის შემდეგ ცენტრალური აზიის რეგიონის ბაზარი ჩვენთვის შესაძლოა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გახდეს. თითქოს ერთი რეგიონია, მაგრამ ნამდვილად აუთვისებელი მარშრუტებია. ყველაზე ნაკლები რეისებია. საქართველო ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული ამ ქვეყნებთან. ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ ამ ქვეყნებთან, როგორც მინიმუმ, დედაქალაქებს შორის მაინც იყოს მიმოსვლა. იგივე, უზბეკეთთან, სადაც ბევრი ქართული ბიზნესი შედის. იმედი გვაქვს, კიდევ უფრო გაუმჯობესდება მათთან ურთიერთობები. დღეს ამაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ, შემდეგ კი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სამგზავრო ავიარეისებზე ფიქრს შევუდგებით“,- განაცხადა აფციაურმა.