HSC Group: ტურიზმის აღმასვლამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა
HSC Group-ის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში, პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის აღმასვლამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
"დატვირთულობა დაახლოებით სცდება უკვე 80%-ს საქართველოს დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი და სხვადასხვა რეგიონები, ყაზბეგი, კახეთი. მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. ჩამოდის ძალიან ბევრი ტურისტი. ისინი სარგებლობენ, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ტურიზმით. პარალელურად ტარდება ძალიან ბევრი კონფერენცია. ბევრი სპორტული ჯგუფი ჩამოდის თბილისსა და ბათუმში", - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.
მისი თქმით, ფასები დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი, რაზეც პირდაპირი გავლენა იქონია ინფლაციამ.
"გაიზარდა თვითღირებულებები, როგორც საკვებ პროდუქტზე, ისე თვითონ ოთახის კომუნალური ხარჯი, სახელფასო განაკვეთი და ა.შ. ამას დაემატა ის გაზრდილი მოთხოვნა, რამაც კატასტროფულად გაზარდა ფასები ავიაბილეთებზე, თვითონ ტურებზე და შემდეგ უკვე სასტუმროს ოთახებზე", - განაცხადა გიორგი დოლიძემ "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში.