Hotel GoodAura: ზამთრის კურორტების გახსნას აზრიც აღარ აქვს, ზარალიდან ვერ ამოვალთ
სასტუმრო GoodAura–ს მენეჯერი ზვიად ალანია „ბიზნესპარტნიორთან“ მთავრობის გადაწყვეტილებას სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვების შენარჩუნებასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს.
„დაკეტილი სასტუმროს მხოლოდ შენახვა თვეში 6000 ლარამდე გვიჯდება. რა თქმა უნდა, შეზღუდვების გახანგრძლივება ცუდია, თუმცა, ვფიქრობ ახლა გახსნას აზრიც აღარ აქვს, ზარალიდან ვერ ამოვალთ. ნახევარი სეზონი გასულია, მთელი სეზონის ჭრილში კომპანია შეძლებდა მუშაობას თუმცა, ახლა დაგვიანებულია.
ჩვენი სასტუმრო პირველი იყო, რომელმაც გაიარა შემოწმება, ავიღეთ შესაბამისი ლიცენზია, ყველა Covid რეგულაცია დავიცავით და შეგვეძლო ასე გაგვეგერძელებინა მუშაობა. მაქსიმალურად შევინარჩუნეთ პერსონალი, ხელფასები, შესაბამისად, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით შეზღუდვების გახანგრძლივებით,“– აღნიშნავს ზვიად მალანია.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება, თუმცა, ეს არ ეხება ზამთრის კურორტებს.
ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა. ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში გაჩერებულია სათხილამურო ტრასები და საბაგიროების ფუნქციონირება. სასტუმროების მუშაობა კი, დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად.