გვსურს, მგზავრებმა თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში - UN Studio-ს არქიტექტორები
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN Studio-ს მთავარი არქიტექტორები ეწვივნენ და განახლებული ტერმინალი დაათვალიერეს.
UN Studio-ს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის. ჰოლანდიელი არქიტექტორების განცხადებით, ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია, რომელიც მგზავრების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული.
"გვსურს, მგზავრებმა იგრძნონ თავი, როგორც საკუთარ სახლში. მისი დაპროექტებისას იდეა გვქონდა, რომ აეროპორტი არ ყოფილიყო მხოლოდ ქვეყნიდან გამგზავრებისთვის, ან ჩამოფრენისთვის. არამედ ყოფილიყო ადამიანების შეხვედრის ადგილი, მათ თავი ეგრძნოთ კომფორტულად და ეპოვათ ახალი გამოცდილება, მაგალითად იმ უნიკალურ გამწვანებულ ტერასაზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტის განახლებულ ტერმინალს აქვს", - ამბობს ჰოლანდიური კომპანია UN Studio-ს დირექტორი და მთავარი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურე.
ორივე ტერმინალის გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო.
"UN Studio-ს ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ის საოპერაციო საკითხები, რომლებიც ამჟამად აეროპორტის ოპერირების პროცესშია, ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დავხვეწოთ ისინი. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მომავალი კონცეპტ-დიზაინი, რომელიც აეროპორტს რამდენიმე წელიწადში სრულად დატვირთვის შემდეგ მგზავრთნაკადის მატებასთან ერთად დასჭირდება", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლიურად 2.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.