ტურიზმი
05/05/2021

გურამ ბაღდოშვილი: რა თქმა უნდა, შევუერთდებით ტურიზმის სექტორში დასაქმებუბლთა ვაქცინაციას

სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი ტურიზმის სექტორში შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესის დაწყებას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს.

მისი თქმით, მთავარია, რომ ეს არ იყოს უბრალოდ დაპირება, ისეთი როგორიც იყო 5000 ლარიანი დახმარება, რომელიც დღემდე არავის აუღია.

„ჩემს გუნდთან ერთად გავივლი ამ საკითხს და რა თქმა უნდა, შევუერთდებით ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებუბლთა ვაქცინაციის ინიციატივას, რადგან მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია.

ამასთან, იმედია უფასო იქნება ვაქცინაცია. ეს არ არის მხოლოდ HoReCa სექტორი და ბიზნესმენები, აქ მნიშვნელოვანია რომ ქვეყნის ეკონომიკა დგას ჩვენზე და ჩვენ უკვე ძალიან დიდი შრომა და ხარჯი გავწიეთ, რომ გადაგვერჩინა ბიზნესი და დასაქმებული ადამიანები, პარალელურად ბიუჯეტში ყოველთვიურად შეგვაქვს თანხა,“ – აღნიშნავს გურამ ბაღდოშვილი.

ამ წუთებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს ხვდება და აღნიშნული სექტორის ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობებს და აგრეთვე დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევებს განიხილავენ.