ტურიზმი
01/09/2023

Go Tour: შემოდგომაზე ტურისტული პაკეტების გაიაფებას ველოდებით

გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიები შემოდგომიდან ტურისტული პაკეტების გაიაფებას ელიან.როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Go Tour-ის ხელმძღვანელი ნინო წიკლაური აცხადებს, რომ ფასების კლების ტენდენცია უკვე შეინიშნება.

„ზაფხულის ცხელი ფასების ბუმი დასასრულს უახლოვდება და ნელ-ნელა ვხედავთ, რომ ტურისტულ პაკეტებზე ფასები კლებისკენ მოდის. ცხადია, პანდემიამდელ მაჩვენებელს ვეღარ დაუბრუნდება, როცა 20 ევროიან ბილეთებს ვყდულობდით, რადგან ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში და ყველაფერი გაძვირდა, თუმცა, მიმდინარე წლის ზაფხულთან შედარებით, შემოდგომაზე ფასების შემცირებას ნამდვილად ველოდებით“, - განმარტა ნინო წიკალურმა.

მან მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებმა უკვე თვეებით ადრე დაიწყეს საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვა, რაც ძალიან კარგი ფაქტია.

„მომხმარებელი მიხვდა, რომ წინასწარ დაგეგმილი ტურებით სოლიდურ ფინანსურ რესურსს დაზოგავს, ამიტომ, უკვე აქტიურად ვიღებთ შემოდგომის და ზამთრის სეზონის ჯავშნებს. ფაქტობრივად, ოქტომბრის და ნოემბრის ტურები უკვე გაყიდული გვაქვს. ძალიან დიდია მომართვიანობა საახალწლო ტურებზეც. განსაკუთრებით პოპულარულია ზამთარში ეგვიპტე, კერძოდ, შარმ-ელ-შეიხის მიმართულება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ Go Tour-ის ხელმძღვანელმა.

როგორც ნინო წიკლაური ამბობს, ტრადიციული მიმართულებების გარდა (თურქეთი, ევროპის ქვეყნები, დუბაი, ეგვიპტე), ასევე გამოიკვეთა მოთხოვნა ახალ ტურისტულ პაკეტებზე. კერძოდ, შემოდგომის ჯავშნები გააქტიურდა აზიური ქვეყნების და სხვადასხვა კუნძულოვანი, ეგზოტიკური სახელმწიფოების მიმართ. მათ შორის, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადია დომინიკის რესპუბლიკა.

Businesspartner