ტურიზმი
17/12/2020

ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით იკრძალება - მინისტრის წინასაახალხლო შეხსენება ბიზნესს

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ნათია თურნავამ ბიზნესს რეგულაციები კიდევ ერთხელ შეახსენა.

ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სექტორს, განსაკუთრებით სასტუმროებს ახალი წლის პერიოდში შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა. 

„მოდის ახალი წელი. ბუნებრივია, ამისთვის ემზადება ჩვენი ტურისტული ინდუსტრიაც - იქ, სადაც შეზღუდვები არ გავრცელდა. მაგრამ ყველას შევახსენებ, ეს განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, ეს არის „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მაისის #322 დადგენილება“, რომლის თანახმადაც მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ყველა იმ სასტუმროს, რომელიც ახალი წლის პერიოდში სტუმრებს მიიღებს, მინისტრი შეახსენებს, რომ მათ მიერ მკაცრად უნდა იქნას დაცული არსებული შეზღუდვები. 

„ეს გაფრთხილება ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან წერილობითაც დაეგზავნა ყველა სასტუმროს და ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მოეკიდონ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.