ტურიზმი
06/04/2023

Geosky წლის ბოლომდე მესამე ვერტმფრენს შეიძენს

Geosky შიდა ფრენებისთვის წლის ბოლომდე კიდევ ერთი ახალი ვერტმფრენის შეძენას გეგმავს.

როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, Geosky-ს საკუთრებაში ამჟამად ორი ეარბასის ტიპის შოუმფრენია, რომლებიც ექსპლუატაციაში ერთი წლის წინ ჩაეშვა.

„აღნიშნული ვერტმფრენები გათვლილია საქართველოს მასშტაბით როგორც ტურისტების გადასაყვანად, ასევე სამაშველო ფრენებისთვის, მთელი რიგი საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად, მათ შორის ვიდეო-ფოტო გადაღებისთვის, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადია,“-აღნიშნა შალვა კიკნაძემ.

მისივე განმარტებით, ჩარტერული რეისის შეკვეთის შემთხვევაში კომპანია ფრენებს საქართველოს მასშტაბით და სამეზობლო ქვეყნებში ასრულებს, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო „ჰელისკიზე“, ზოგადად სვანეთის მიმართულებას სეზონზე ძალიან ბევრი მომხმარებელი ირჩევს. რაც შეეხება ფასებს, მერყეობს მანძილისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. ვერტმფრენის ფასები კი მსოფლიო მასშტაბით ყოველ ექვს თვეში იცვლება. ზოგადად, ეს მიმართულება საკმაოდ დიდ ინვესტირებას მოითხოვს, რასაც ერთ და ორ წელში ვერ ამოიღებ,“-განმარტა შალვა კიკნაძემ.

Businesspartner