ტურიზმი
19/04/2022

Galt & Taggart-ი წელს ტურიზმის შემოსავლების 85%-მდე აღდგენას პროგნოზირებს

Galt & Taggart–ი წელს ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას პროგნოზირებს, თუმცა მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, უფრო სწრაფ 85%–იან აღდგენასაც ვარაუდობს.

მარტის მონაცემებით, ტურიზმის შემოსავალმა $175 მლნ შეადგინა, რაც 2019 წლის დონის 71.3%–ია და ყველაზე მაღალი აღდგენის მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ტურიზმი განახლდა.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული შემოსავლების ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს რუსეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან მიგრანტების დანახარჯებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. მიგრანტების ზუსტი რაოდენობა არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა როგორც Galt & Taggart–ი აღნიშნავს, ეს მიგრანტები დამატებით შესაძლებლობას ქმნიან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, უძრავი ქონება, IT და ა.შ. და მათი გავლენა უკვე ასახულია გაზრდილ ფასებში უძრავი ქონების ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ მიგრანტების ნაკადის გამო ეს 2 სტატისტიკა, ვიზიტორები და შემოსავლები, ამჟამად განსხვავებულ ტენდენციებს ასახავს. მარტში ტურიზმის შემოსავლების 20% რუსეთზე მოდიოდა, შემდეგ მოდის ბელარუსი 17%–ით, თურქეთი და ისრაელი 9–9%–ით, ისრაელი და ევროკავშირი 8%–ით.

„საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას ვპროგნოზირებთ 2019 წელთან შედარებით, თუმცა მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, უფრო სწრაფი აღდგენის (85%) ალბათობა გაზრდილია.“–წერს Galt & Taggart–ი.

ჯამში, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 0.5 მლნ ვიზიტორი ეწვია და შემოსავალმა $394 მლნ შეადგინა, რაც 2019 წლის დონის 68.0%-ია.

წამყვანი ბაზრებიდან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი თურქეთმა შეიტანა, რასაც მოსდევს რუსეთი და სომხეთი. არამეზობელი ქვეყნებიდან 2019 წელთან შედარებით შესამჩნევი აღდგენა დაფიქსირდა ისრაელიდან, ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან, ბელორუსიიდან და უზბეკეთიდან.

ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან დაგენერირდა, ჯამურის 17%, რასაც მოჰყვება ევროკავშირის ქვეყნები 11%–ით, თურქეთი, უკრაინა და ბელორუსია 10–10%–ით და ისრაელი 9%–ით.