ტურიზმი
06/10/2020

ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი საავიაციო ვარდნა საქართველოშია

ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო საჰაერო ნაკადების მოძრაობის მაჩვენებლით ყველაზე ჩამორჩენილია.

Eurocontrol-ის 2 ოქტომბერის მონაცემებით, საჰაერო მოძრაობის ნაკადები ქვეყანაში 2019 წლის 2 ოქტომბერთან შედარებით 87%-ით არის შემცირებული. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა Eurocontrol-ის წევრ ქვეყნებს შორის. სულ 2 ოქტომბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში მხოლოდ 17 ფრენა შესრულდა.

საქართველოს შემდეგ მოდის ისრაელი, სადაც 75%-იანი ვარდნაა და 107 ფრენა შესრულდა, მესამე პოზიციაზე ფინეთია 177 ფრენით, ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით კლება 75%-ია.

Eurocontrol-ის მონაცემებით, უნგრეთში საჰაერო მოძრაობის ნაკადები 73%-ით არის შემცირებული, სულ შესრულდა 112 ფრენა, სომხეთში 23 ფრენა შესრულდა და 2019 წლის 2 ოქტომბრის მაჩვენებელთან 72%-ით ნაკლებია.

საუკეთესო შედეგი აჩვენა ალბანეთმა, სადაც საანგარიშო პერიოდში კლება მხოლოდ 3%-ია, შესრულდა 71 ფრენა.

კლება ასევე დაბალ ნიშნულს აჩვენებს ბულგარეთში, სერბეთში, ლუქსემბურგში.

გლობალურ საჰაერო სივრცეში, მცირედი გაუმჯობესების მიუხედავად, კრიზისი კვლავინდებურად გრძელდება. საჰაერო მოძრაობის ნაკადები 2020 წლის 2 ოქტომბერს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-იან ვარდნას აჩვენებს.