ფოტო: cowboysindians
ტურიზმი
07/07/2021

ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა

შუახევში, ჩირუხის მთაზე, ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი მოეწყობა.

ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობაზე, როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, 10 მლნ ლარი დაიხარჯება.

აჭარის მთავრობა იმედოვნებს, რომ ზიპლაინი ჩირუხს და შუახევის მცხოვრებელს კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოუზიდავს.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომ ტურიზმის განვითარების მიმართულებით აჭარაში სხვადასხვა პროექტი განხორციელდება.

"ჭვანის ხეობაში ვგეგმავთ დაახლოებით 10 მილიონი ლარის დახარჯვას და ამ მიმართულებით იქნება, პირველ რიგში ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის რეაბილიტაცია. მოეწყობა დამხმარე ინფრასტრუქტურა, რაც ჩირუხის მიმართულებით, ჭვანის მიმართულებითაც კიდევ უფრო მეტ ტურისტს და შემოსავალს გააჩენს.

წელს უკვე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი რესურსი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გომარდულმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე. ეს არის კონკრეტული პროექტი – პირველ ეტაპზე, მოეწყობა საბაგირო და შემდეგ სხვა ინფრასტრუქტურა”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის მიხედვით, ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა გაკეთდება საფეხმავლო ბილიკი. ასევე, დაგეგმილია “წისქვილების სოფლის” ტურისტული განვითარება და ეთნოგრაფიული ეზოს მოწყობა.

ჯვარიმინდორზე დაიწყო ტურისტული თავშესაფრის და საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

იგეგმება კავიანის ციხის გავლით ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა.

რიჟვაძის თქმით, გომარდულის განვითარების პროექტის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიამ უკვე მოამზადა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა და წელს იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინვესტორთა დაინტერესების და საინვესტიციო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, გომარდულის განვითარების გეგმის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ითვალისწინებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას, რაც მუნიციპალიტეტის მხრიდან უკვე მიღებულია.