ტურიზმი
11/04/2021

Eurowings-ი დიუსელდორფი-თბილისს შორის ფრენებზე სამოქალაქო ავიაციის ნებართვას ელის

გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ფრენების განსახორციებლად საჭირო ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) აცხადებენ, უწყება Eurowings-დან დამატებითი ტექნიკური დოკუმენტაციის მიღების პროცესშია. 

“ავიაკომპანია Eurowings-თან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაგადამზიდველმა უკვე მომართა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით რეგულარული ოპერირების დასაწყებად აუცილებელი ნებართვის მისაღებად. სააგენტო აწარმოებს კონსულტაციებს ავიაკომპანიასთან, დაწყებულია ასევე შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მიღების პროცესი”, – აცხადებენ სააგენტოში. 

Eurowings-ი, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს ივლისის ბოლოდან გეგმავს. რეისები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულდება.