ტურიზმი
21/05/2021

EUROCONTROL-ი: წარმატებული ვაქცინაციის შემთხვევაში საქართველოში ფრენები 2022 წელს 120%-ით გაიზრდება

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) საჰაერო მიმოსვლის პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნების და საქართველოში ფრენების აღდგენის საპროგნოზო მაჩვენებლები გააუმჯობესა.

ფრენების ეტაპობრივი აღდგენის ტენდენციები და COVID 19-ის ავიაციის სფეროზე უარყოფითი გავლენის შემცირების დინამიკა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და EUROCONTROL-ის გენერალურმა დირექტორმა ორმხრივი ვიდეო-შეხვედრის ფარგლებში განიხილეს.

როგორც ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კუთხით ბოლოდროინდელი მაჩვენებლები პოზიტიურია და როგორც აფრენა-დაფრენების რაოდენობის, ისე საჰაერო სივრცის გამოყენების კუთხით იმედისმომცემი ზრდა შეინიშნება.

EUROCONTROL-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, 2021 წელს, გლობალურ და ადგილობრივ დონეზე ვაქცინაციის პროცესის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, საქართველოში ფრენები პანდემიამდე ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება და მომავალ წელსვე 120%-მდე გაიზრდება, თუ ვაქცინაციის პროცესი 2022 წელს წარიმართება წარმატებით, საჰაერო მიმოსვლა გაუმჯობესებას 2023 წლამდე 105%-ით შეძლებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გამწვავდება და ვაქცინაციის პროცესი დროში გახანგრძლივდება პირვანდელ ნიშნულს ავიაცია მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის გასულ წლის პროგნოზებით, საქართველო 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2023 წელს შეძლებდა.

მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის რეგიონის საჰაერო მოძრაობის მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლები და დადებითად შეაფასეს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ ვაქცინირებული მგზავრების მიმართ სასაზღვრო რეგულაციების შემსუბუქების ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ავიაციის სექტორის კრიზისიდან გამოყვანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებას, მგზავრების და საავიაციო პერსონალის გლობალურ დონეზე დროულ ვაქცინაციას ენიჭება.