ტურიზმი
02/06/2023

დინოზავრების ახალი მაკეტები, მთის ქოხები - დაცული ტერიტორიები სეზონს სიახლეებით ხვდება

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად ფაზაშია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, 22.5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, საიდანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯუთა-როშკა-ომალოს დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც მოიცავს 220 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის, 64 საფეხმავლო ხიდის და 7 სამთო თავშესაფრის (მთის ქოხები) მოწყობას.

ბალდის კანიონზე მოეწყობა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - კანიონში კიდული საფეხმავლო ბოლიკი და როლერის ატრაქცია. ოკაცეს კანიონზე დაგეგმილია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - კანიონზე გადასასვლელი ხიდი, დამატებითი ბილიკი, ზიპლაინი და სხვა.

სიახლეებია მარტვილის კანიონსა და პრომეთეს მღვიმეში, სადაც აქტიურ ფაზაშია ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია, მარტვილის კანიონის სალარო შენობის მოწყობა, ბილიკების რეაბილიტაცია.

სათაფლიაში, დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ბილიკებისა და ეკო-საგანმანათლებლო სივრცეების, ასევე, სამუზეუმო სივრცის და შუშის გადასახედი პლატფორმის განახლება, იცვლება ბილიკებზე არსებული განათების სისტემა.

დაგეგმილია დინოზავრების არსებული მაკეტების ახლით ჩანაცვლება.

 

 

Businesspartner