ტურიზმი
19/05/2023

"დღეს მოქმედი ტურიზმის შესახებ კანონი 1997 წელს არის მიღებული და მიმდინარე გამოწვევებს არ პასუხობს"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

„დღეს მოქმედი ტურიზმის შესახებ კანონი 1997 წელს არის მიღებული და  თავისთავად ცხადია, არ პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს.“ - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. დავით სონღულაშვილის თქმით,  ამიტომ გახდა აუცილებელი ახალი კანონის შემუშავება.

„აგრეთვე უნდა აღვნიშნო, რომ  ახალი კანონის შემუშავება  ასოცირებით ნაკისრი ვალდებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიცაა. ეს კანონპროექტი იმდენად კომპლექსურია, რომ  საჭიროებდა დროს, იმისთვის რომ ყველა მონაწილე მხარე, რომელიც არის ტურიზმის სექტორში ჩართული დოკუმენტის შემუშავების მონაწილე ყოფილიყო. ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ ამხელა რეფორმა, რომელიც ხორციელდება, იყოს მდგრადი და  გავითვალისწინოთ ყველა მხარის ინტერესი.“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტით სექტორში თამაშის წესები მაქსიმალურად წინასწარ განსაზღვრულია.

„გიდებთან მიმართებით და არა მხოლოდ, ჯამში კანონპროექტის არსი აწყობილია შემდეგზე,  რომ იყოს მაქსიმალურად განსაზღვრული თამაშის წესები. კანონპროექტში  საუბარია, რომ ის გიდები, რომლებიც გაივლიან სერტიფიცირებას, მათ  ჰქონდეთ სხვადასხვა სარგებელი და ხელშეწყობა სახელმწიფოსგან მიღებული. რაც თავისთავად ცხადია, ხელს უწყობს იმას რომ სერტიფიცირების ნაწილში მოთხოვნები ჩამოყალიბდეს ისე, რომ ამ მიმართულებაში ჩართული ყველა მხარის ინტერესი იყოს დაცული.“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.  

როგორც USAID-ისა და რეფორმეტრის  ჩართულობით, დღეს გამართულ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგზე აღინიშნა, ტურიზმის შესახებ ახალი კანონი მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების  დაცვის სტანდარტების განვითარებას უზრუნველყოფს. დარეგულირდება მთელი რიგი მიმართულებები. მათ შორის, შესაძლებელი  გახდება გიდების სერტიფიცირება.

Businesspartner