ტურიზმი
24/12/2020

COVID-მა საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრია $935 მლრდ-ით აზარალა

COVID-19-ის პანდემიის ფონზე საერთაშორისო ტურიზმი 1990 წლის დონეზე დაბრუნდა, - აცხადებენ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში (UNWTO). 

UNWTO-ს ბოლო მონაცემებით,იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებას 900 მლნ-ით ნაკლები ვიზიტორი ეწვია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს კი 10 თვეში საერთაშორისო მიმოსვლის სტატისტიკის 72%-იანი ვარდნის ექვივალენტურია.

UNWTO-ს შეფასებებით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი (-82%) დაზარალდა. შემდეგ მოდიან ახლო აღმოსავლეთი (-73%), აფრიკა და ევროპა (-69%), ამერიკა (-68%).

იმავდროულად, კრიზისმა საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრია 935 მლრდ დოლარით აზარალა, რაც 10-ჯერ მეტია 2009 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისით მიღებულ ზარალთან შედარებით.

UNWTO-ს პროგნოზით, 2020 წელს საერთაშორისო მიმოსვლის კლება 70-75%-ი იქნება, რაც მსოფლიო ტურიზმს 30 წლის წინ არსებულ დონეზე დააბრუნებს. ეს კი საერთაშორისო მიმოსვლის სტატისტიკას 1 მლრდ-ით აზარალებს, ხოლო გლობალური ტურიზმისთვის კი 1.1 ტრილიონი დოლარის  დანაკარგი იქნება, რაც თავის მხრივ გლობალურ მშპ-ს 2 ტრილიონი დოლარით აზარალებს. 

ორგანიზაციის ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ინდუსტრია გამოჯანმრთელებას 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.

 

ფოტო: unwto