ტურიზმი
26/03/2021

ბორჯომი ლიკანი: ფრენების აღდგენამ პოსტკოვიდურ სარეაბილიტაციო პროგრამაზე მოთხოვნა გაზარდა  

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ პოსტკოვიდურ სარეაბილიტაციო პროგრამაზე მოთხოვნა შენარჩუნებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფრენების აღდგენამ საერთაშორისო გამოხმაურებაც გაზარდა, ყველაზე მეტად ყაზახეთიდან.

სასტუმროს ბრენდის განვითარების დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის პროგრამის საჭიროება, რადგან პანდემიური სიტუაცია არასტაბილურია.

„იქედან გამომდინარე, რომ თუნდაც მინერალური წყლები ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს, კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პროგრამა ინდივიდუალურად ირჩევა, მათი საჭიროებების შესაბამისად. პროგრამა მოიცავს ექიმ–თერაპევტის კონსულტაციას, სამედიცინო და სხვა საჭირო პროცედურების გავლას, ასევე სამჯერად კვებას. სარეაბილიტაციო კურსის ფარგლებში, სასტუმროს ნებისმიერი ნომრით სარგებლობაა შესაძლებელი. ფასიც, მომსახურების და დამატებითი სერვისების შესაბამისად განისაზღვრება. 2 ადამიანზე 7 ღამის განმავლობაში 1700 ლარიდან იწყება.  

ვცდილობთ, ადგილობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომსახურება. ამიტომ აპრილის ბოლომდე მათ 1+1 აქციას ვთავაზობთ. თუკი სტუმარი გადაიხდის 4 ღამის ღირებულებას, დამატებით მიღებს 4 ღამეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია პოსტკოვიდური სარეაბილიტაციო კურსის და პროცედურების ნუსხის შეთავაზებაც,“ – აღნიშნავს ქეთევან ნადარეიშვილი.

„ბორჯომი ლიკანის“ დირექტორის კობა აბულაძის თქმით, ბოლო პერიოდში პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზულ პრობლემად იქცა.

„კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხშირად დაღლილობას, სისუსტეს, უძილობას და მრავალ სხვა გართულებას დაავადების დამარცხების შემდეგაც უჩივიან. სწორედ ამიტომ „ბორჯომი ლიკანის“ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი მათ სთავაზობს კვალიფიციური მედპერსონალის მიერ შერჩეულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ამას ემატება ლიკანის უნიკალური კლიმატი, წიწვოვანი ტყეების გამაჯანსაღებელი ჰაერი, ჟანგბადის მაღალი შემცველობა, ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის სამკურნალო წყალი, რაც საერთო ჯამში, ვირუსგადატანილ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში აღიდგინონ ძალები“, - აღნიშნა სასტუმრო „ლიკანი ბორჯომის“ დირექტორმა კობა აბულაძემ.