ტურიზმი
05/10/2020

ბორჯომ-ხარაგაულის პარკში ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყობა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყობა.
 
32 კილომეტრიანი წრიული ბილიკის მოწყობაზე 230 000 ლარი დაიხარჯება.
 
პანორამული ბილიკები ერთმანეთთან სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოს და სოფელ ნეძვს აკავშირებს. ბილიკის დალაშქვრა როგორც ფეხით, ისე ცხენით გახდება შესაძლებელი და იგი საშუალო სირთულის იქნება.
 
ბილიკი ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება მარკირებული; მის გასწვრივ დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები. მთა შუანოსთან კი, ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა. ლაშქრობის მოყვარულებს, წლის ნებისმიერ დროს, საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ნეძვის აღკვეთილის უძველესი, ხელუხლებელი ბუნება.
 
პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით “დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესება” პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.