ბათუმში შტორმისგან დანგრეული ბულვარი განახლდა
ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დასრულდა. სრულად აღდგა 2 კმ-იან მონაკვეთზე სანაპირო ზოლი.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, მოეწყო დაახლოებით 1.8 კმ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა, აღდგა შტორმისგან დანგრეული ბულვარი, დაიგო ბულვარის ახალი საფარი, შეივსო პლაჟი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.
ნაპირდამცავი ნაგებობა მასიური კონსტრუქციაა, განლაგებულია ზღვის დონეზე დაბლა და დაფარულია პლაჟის ინერტული მასალით. როგორც ფონდში ამბობენ, ნაგებობის ფერდის და საფუძველის ზედა ფენა დაფარულია დიდი ზომის 3-7 ტონამდე ფლეთილი ქვებით, რაც უზრუნველყოფს ნაპირის (ბულვარის) საიმედო დაცვას ტალღების ზემოქმედებისაგან.
„საკმაოდ უნიკალური, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ მშენებელი უცხოური კომპანია იყო და მშენებლობა საერთაშორისო კომპანიის ზედამხედველობით ხდებოდა. ყველა პროცედურა აზიის განვითარების ბანკის წესებით და რეგულაციებით განხორციელდა. პროექტის განხორციელების შემდეგ, ზღვის ზემოქმედება ვეღარ დააზიანებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც აქ არსებობს და, ამავე დროს, იძლევა საშუალებას დამატებითი განვითარებისთვის, დამატებითი ეკონომიკური აქტივობის შესაქმნელად,“- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.
ბათუმის ნაპირდაცვის საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა იტალიურმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ,,ტექნიტალმა“ საპროექტო გადაწყვეტილებები განხილული იქნა ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რის შემდეგაც პროექტი შეთანხმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. სამშენებლო სამუშაოები კი განახორციელა ტენდერით შერჩეულმა ჰოლანდიურმა კომპანია Struijk-მა.