ტურიზმი
25/03/2021

ბათუმის განახლებულმა აეროპორტმა ისრაელიდან დღეს 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო

პანდემიის ფონზე ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, - TAV Georgia-ს მიერ ბათუმის აეროპორტის გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიციების $14 მლნ-დან $17 მლნ-მდე გაზარდას საქართველოს აეროპორტების დირექტორი თამარ არჩუაძე აფასებს.

თამარ არჩუაძის თქმით, გაფართოების სამუშაოები თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ უმოკლეს ვადებში დაასრულა და დღეს უკვე ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო.

აეროპორტის განახლების შედეგად ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა და 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს წლიურად. თამარ არჩუაძე იმედოვნებს, რომ ავიაკომპანიების რიცხვი ბათუმის აეროპორტში სულ უფრო მზარდი გახდება.

“2007 წლიდან პანდემიამდე ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანიების რიცხვი 5-ჯერ გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ განახლებული აეროპორტით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დაინტერესდება, რაც საშუალებას მოგვცემს აჭარის რეგიონს მეტი ტურისტი ეწვიოს”,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.

პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის ისე გაფრენის მხარეს; ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სარეგისტრაციო დახლები, საზღვრის დაცვის ჯიხურები, დუტი ფრის ზონა, ბიზნეს ლაუნჯი და აეროპორტის მანქანების სადგომი;

აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარებით აღჭურვილი კვების ობიექტები და გაფრენის ზონაში 2 ავტობუსის გასასვლელი; მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.